სულ რაღაც სამი საკითხი იყო - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომის შესახებ?
საპატრიარქოს შენობაში, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.
მისი თქმით, სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს, მათ შორის გაიგზავნა სამძიმრის წერილი თურქეთში.
“რა იყო საკითხები ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მდივანი ჰყავდა სინოდს, რომელიც წერს ახლა, დაამთავრებს ძალიან მალე. მოკლე სხდომა იყო, სულ რაღაც სამი საკითხი იყო. ძალიან მშვიდობიანად ჩაიარია სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობიდან 45 წლის იუბილე. ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ამაზეც ვისაუბრეთ. დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო,“ – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
დღეს, საქართველოს საპატრიარქოში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა გაიმართა.
ცნობისთვის, 12:00 საათზე ჩანიშნული სინოდის სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. ვრცელდებოდა ცნობები, რომ პატრიარქი სხდომაზე მისვლას ვერ ახერხებდა, თუმცა, საბოლოოდ, ილია მეორემ სხდომა გახსნა.