ასეთი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს შეადარა.
"საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. რა სჭირს ევროპარლამენტს, არ ვიცი, ახლა. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით, მაგალითად, კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე.
მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და იგივე მოხდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში, ეს არის სრული კატასტროფა", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.