თეგებით ძიება
18. 02. 2023 მსოფლიო

"ეძახდა დედას და მამას, მერე ეძინებოდა" - რას ამბობს მაშველი 9 წლის ბავშვზე, რომელიც ნანგრევების ქვეშ წყალში 136 საათი მარტო იყო

9 წლის ვეფა შელეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარაშში 5-სართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, წყალში 136 საათი მარტო იმყოფებოდა, მამას შეხვდა.

მიწისძვრის დროს, ბავშვის დედა თავის დასთან იყო სტუმრად, სახლში კი ქმარი და 6 შვილი ჰყავდა დატოვებული.

სტიქიის შედეგად მათი სახლიც დაინგრა. მაშველებმა კაცი და 5 ბავშვი 16 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 9 წლის ვეფას პოვნა კი ვერ მოხერხდა. ოჯახს უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული, რომ მაშველები ბავშვს ცოცხალს აღმოაჩენდნენ.

ბვშვი ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოების დროს მოხალისეებმა იპოვეს. ის წყალში, სველ ლოგინზე იწვა.

"ის ეძახდა დედას და მამას, მერე ისევ ეძინებოდა", - აცხადებს მედიასთან საუბარში ერთ-ერთი მოხალისე, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.

ბავშვი ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქვედა კიდურებზე ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ოჯახთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს 45 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა