უმუშევრობის დონე 3%-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა.
2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა.
2022 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.