თეგებით ძიება

"დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ცაგერში ზვავის ქვეშ მოყვა?

ჟურნალისტი, ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ცაგერში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მამაკაცის შესახებ წერს.

მისი თქმით, დაღუპული მამაკაცი, გელა ლიპარტელიანია, რომელიც, წლების განმავლობაში, საბერძნეთში ცხოვრობდა.

"ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე - ტრასაზე გავჩერდით.  მე აგიყვანთო - მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა - აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო. 

ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი  -  დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს. 

ზვავმა მოიყოლა მანქანით. 

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაგერში ზვავმა მამაკაცი მოიყოლა. 

თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომ ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ცაგერში, სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა, შედეგად კი კლდის მასის ქვეშ მოყოლილი, ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა