“პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის აქტს, როდესაც არსებობს შესაბამისი დასკვნა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სიუჟეტი შეეხებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისათვის სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს.
„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა.
როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.
პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა” - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.