"სჯობს, ხორცი ჭამო და ადამიანი დაინდო, ვიდრე მოხარშულ ლობიოს დესერტად ადამიანის ნერვები დააყოლო…" - პეტრე კოლხი სააღდგომო მარხვაზე
მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მარხვის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ სინანული და სიყვარული არის მთავარი.
"სააღდგომო მარხვაც კარს მოგვადგა.
გამორჩეულია სხვა მარხვებისგან. ამიტომაც ეწოდება დიდი მარხვა.
ლოცვებით და საეკლესიო მსახურებებით დატვირთულია…
ეს ვიცით, ვისაც უმარხულია, ყველას გაუვლია მძიმე მარხვის ყველა ეტაპი… იგივეა, არაფერი იცვლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არც ჩვენ ვიცვლებით… ან უარესობისკენ მივდივართ…
მექანიკურია რიტუალების შესრულება. გული ისევ აგრესიული რჩება, ისევ განკითხვა, სიძულვილი, მრისხანება, შურისძიება…
არადა, კრიტელის კანონები, ეფრემ ასურის ლოცვები სულ სინანულს და საკუთარ თავში ჩაღრმავებას გვასწავლიან…
რამდენიც გინდა ჭამე ბალახი, არაფრის მომცემია, თუ საკუთარი თავის გაზრდა ვერ შევძელით…
მარხვას ყველაზე დიდი გონებრივი რესურსი სჭირდება, რას და რატომ უნდა ებრძოლო… ჩვენ საკუთარი სისუსტეების ნაცვლად ერთმანეთს ვებრძვით, ერთმანეთს ვანადგურებთ…
ასეთ დროს, რაც არ უნდა ასკეტური იყოს მარხვის პერიოდი, ძალიან დიდი ფარისევლობა და ტყუილია…
სჯობს ხორცი ჭამო და ადამიანი დაინდო, ვიდრე მოხარშულ ლობიოს დესერტად ადამიანის ნერვები
დააყოლო…
სინანული და სიყვარული არის მთავარი!..", - წერს პეტრე კოლხი.