„თქვენ შვილს მოეწონებოდა ეს კანონი?“ - რა უთხრა ნატა ქაჯაიამ დავით ქართველიშვილს?
ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მასსა და ჟურნალისტ, ნატა ქაჯაიას შორის შემდგარ დიალოგს ასაჯაროებს, რომელიც მისი თქმით, „ტვ პირველის“ სიუჟეტში არ მოხვდა.
„დღეს ვნახე შავNOდარას გუშინდელი სიუჟეტი ხუთშაბათის კომიტეტების "ისტორიულ" სხდომაზე. რომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, აქტიურ პოლემიკასა და ოპონირებაში მყოფი ჩემი მეგობრების ფონზე რატომ გამოვირჩევოდი სამარისებული სიჩუმით, აგიხსნით - ჩემი ეპიზოდები სიუჟეტში არ შევიდა. ამიტომ მოგიყვებით ჩემს დიალოგებს ჟურნალისტ ქაჯაიასა და მის ზურგს უკან მყოფ რამოდენიმე ახალგაზრდა აქტივისტთან.
ზოგადად ჩვენი გამოსვლა სხდომათა დარბაზიდან ძალიან წააგავდა იმ "საზვერეების" გავლას, რაც ამჟამად (40 დღემდე) ბაჩოს უწევს - იგივე ჯოჯოხეთური და მაპროვოცირებელი ატმოსფერო, რაც იმქვეყნიურ ეშმაკებს მათ ამქვეყნიურ "ჩინურ" ვერსიებთან აიგევებს. ამ შედარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მათ პროვოკაციებზე წამოგების უფლება უბრალოდ არა მაქვს. მაშ ასე, ამოჭრილი ნაწილი:
ქაჯაია: "სად გეჩქარებათ? "იმედში" მიდიხართ?"
მე: "არა, სასაფლაოზე"
ქაჯაია: "ამაღამ რა ხდება სასაფლაოზე?"
მე: "შვილი მიწევს მანდ"
ქაჯაია: "და თქვენს შვილს მოეწონებოდა ეხლა თქვენი საქციელი?"
მე: "შეიძლება ჩაგეხუტო, გითხრა რომ მიყვარხარ და გთხოვო - სახლში რომ დაბრუნდები ცოცხალი და ჯანმრთელი, დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტე!"
ქაჯაიას ზურგს უკან მაღალი და გამხდარი აქტივისტი: "რუსეთის მონა!"
მე: "შენც გთხოვ, სახლში რომ დაბრუნდები - დედას და მამას ჩაეხუტო. და თუ დაგაგვიანდება - დაურეკო და გააფრთხილო, რომ არ ინერვიულონ!"
ეს იყო ჩემი ეპიზოდი, რომელიც რატომღაც არ შევიდა სიუჟეტში...“ - წერს ქართველიშვილი.
ცნობისთვის, დავით ქართველიშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ, ვაჟი გარდაეცვალა. ბაჩო ქართველიშვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.