დეპუტატების გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო - ლევან იოსელიანი
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ის შეეცდება კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან უშუამდგომლოს იმ დეპუტატებს, რომლებსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
„გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო, იმიტომ, რომ ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და გამოხატავდნენ პროტესტს ამ კანონპროექტის მიმართ, ამიტომ ვთვლი, რომ ისინი უნდა იყვნენ დაშვებულნი კომიტეტის სხდომაზე და უნდა გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა.
მივალ და შევეცდები, რომ ეს ყველაფერი გადავცე კომიტეტის თავმჯდომარეს და ვიშუამავლო მათ დაბრუნებაში, თუმცა ისეთი განწყობაა კომიტეტზე, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი შუამავლობა დიდი შედეგით დასრულდება. თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ კომიტეტზე და გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა.
ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
„ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.