"ჩვენმა ქვეყანამ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და საკუთარი ევროპული მომავალი დიდი ხნის წინ აირჩია" - ჯგუფი "არა"
მუსიკალური ჯგუფი, "არა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს.
"არავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ბოლო პერიოდში არცთუ ისე აქტიურ ფეისბუქ გვერდზე დუმილს, სწორედ იმ ყოვლად გაუგონარი, აბსურდული კანონის წინააღმდეგ ვარღვევთ, რომელიც ყველა ჩვენგანის ნებას ეწინააღმდეგება.
ჩვენმა ქვეყანამ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და საკუთარი ევროპული მომავალი დიდი ხნის წინ აირჩია.
ეს არჩევანი ურყევია და მის წინააღმდეგ წასვლა არავის გაუვა.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ამიტომაც
არა რუსულ კანონს!", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.