"შემიძლია გაგახაროთ: ივანიშვილის, მისი ოჯახის და გარემოცვის ქონებრივი და სავიზო დასანქცირება გადაწყვეტილია" - რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი?
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება გადაწყვეტილია.
"შემიძლია გაგახაროთ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ივანიშვილის, მისი ოჯახის და მინიმუმ უახლოესი გარემოცვის სამუდამო ქონებრივი და სავიზო დასანქცირება ამ წუთისათვის გადაწყვეტილია. რაც რეჟიმის ჩამოშლას ნიშნავს. ეს თქვენი, ჩვენო ულამაზესო ახალგაზრდობავ და საამაყო ხალხო, თქვენი ბრძოლის შედეგია", - წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.