მედიაზე ძალადობის, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული.
„2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
სამართალდამცავმა უწყებებმა იძალადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:
ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, ჩაარტყა წიხლი და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ პრესის წარმომადგენელი იყო.
სპეცრაზმმა პუბლიკის ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.
ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
ფიზიკურად იძალადეს მედიაჩეკერის რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხსნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს.
ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტ ნიკა საჯაიაზე.
(სია განახლებადია)
ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.
მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.