საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.
მათივე ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, საქსტატის მონაცემებით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 686.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტიციის მოცულობა გაზრდილია 1.7-ჯერ და შეადგენს 1 289 მლნ. დოლარს.
„სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით (20.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება 2022 წლის IV კვარტლის სტატისტიკას, საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის IV კვარტალში 324.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 153.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 60.5 მლნ. აშშ სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წლის IV კვარტალში 93.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 197.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 63.9 მლნ. აშშ დოლარით (19.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 42.9 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.