უნდა გავაკონტროლოთ რა ხდება, ვინ ჩამოდის, რამდენი ხანი რჩება, რა სამსახურებში საქმდებიან - პრეზიდენტი რუს "ტურისტებზე"
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უნდა გაკონტროლდეს მათი ვიზიტის დეტალები.
"ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ, მე ეს იმდენჯერ გამოვხატე, რამდენჯერაც ამის საშუალება მომეცა, რადგან ჩვენ ერთ გემში ვართ. უკრაინა იბრძვის თავისი და აგრეთვე ჩვენი სუვერენულობისა და ტერიტორიებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთობა შენარჩუნდეს საქართველოსა და უკრაინას შორის, ასევე ქვეყნის შიგნით.
რუსები საქართველოში ძირითადად მობილიზაციის შიშით მოდიან, ხშირად არ ეთანხმებიან იმ გზას, თუ როგორ ახორციელებს მათი პრეზიდენტი ტერორს აგრესიას მიმართ. თუმცა რთულია ამის ზუსტად განსაზღვრა.
თუმცა, ჩვენ პროცესზე კონტროლი უნდა დავამყაროთ. არ უნდა უარვყოთ საქართველოს ტრადიცია, სტუმართმოყვარეობა და წესი უცხოელების მიღებისა, მაგრამ უნდა გავაკონტროლოთ რა ხდება, ვინ ჩამოდის, რამდენი ხანი რჩება, რა სამსახურებში საქმდებიან. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენივე მოსახლეობის ინტერესების გამო ვაკონტროლოთ, რომ მათ იცოდნენ, მათი ხელისუფლება სიტუაციაზე კონტროლს ინარჩუნებს. ჯერჯერობით არ ყოფილა ინციდენტი რუსებს, უკრაინელებს და ქართველებს შორის, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა ხდება" , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ათასობით რუსი გაიქცა სამშობლოდან და საქართველოში ჩამოვიდა.
რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე რჩება რუსული ჯარი.