"პარტიის თავმჯდომარეობა, თუნდაც მმართველის, არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ“ - ნიკა მელია კობახიძეს
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი კარგი იყო - უბრალოდ ხალხს ვერ აუხსნეს და ახსნას ახლა "დაიწყებენ“.
ნიკა მელიას თქმით, ღირსების დაკარგვის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა არაფერს ნიშნავს.
"ვის უნდა აუხსნას კობახიძემ, რომ კარგი კანონპროექტი იყო? საკუთარ სტუდენტებს, რომელთაც კარგად იცნობს, მუდმივი კონტაქტი აქვს და წლებია „რაღაცას“ უხსნის და ასწავლის? საკუთარ სტუდენტებს, რომლებთანაც ლექციაზე ვერ მივიდა დღეს, იმიტომ, რომ მან აუხსნა როგორც იცოდა ან უნდოდა - მათ კი გაიგეს, როგორც არის!
ჩვენ კი ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა, თუნდაც მმართველის, არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება, შენს მაგალითზე ისწავლება!
ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული!“, - წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.