"ვიცი მთავრობის და პარლამენტის წევრების შვილები, რომლებსაც აბულინგებენ - "უთხარი მამაშენს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდა თაობის ერთმანეთის გადაკიდებაზე პასუხისმგებლობა ყველას ენიჭება.
"ჩვენი შვილების თაობის ერთმანეთზე გადაკიდებაზე პასუხისმგებელი ვართ ყველა. მათი გახლეჩა ძალიან მწარედ მოგვიბრუნდება. ვიცი მთავრობის და პარლამენტის წევრების შვილები, რომლებსაც აბულინგებენ - "უთხარი მამაშენს" და მეორე მხრიდან მთლად ხელისუფლების წარმომადგენლები "სატანებს" ეძახიან სხვების შვილებს. თუ ბოროტება უსაზღვროა, უგუნურებას მაინც ხომ აქვს საზღვარი. პატივისცემით მოვექცეთ ერთმანეთის, ყველას შვილს.
ახლაგაზრდებო, რადგან მეტად გონიერები მგონიხართ, ვიდრე ეს სსრკ-გამოვლილი დაშტამპული თაობები, ვისგანაც ვერაფერს ისწავლით განსაკუთრებით ღირებულს, სულერთია როდის ვის მხარეს არიან - თქვენ არ დაუშვათ ერთმანეთის ზიზღი მამების, დედების და არავის გამო. არ აურიოთ ერთმანეთში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობები თქვენი თაობის ჯანსაღ ურთიერთობებში.
არ დაუშვათ ერთმანეთის გარიყვა. დაივიწყეთ ვისმა მამამ რა თქვა, ვისი დედა ვის მხარესაა. ეს საძაგლობა თქვენ არ დაამკვიდროთ. "მოკალი საბჭოთა კავშირი" ნიშნავს, არც არავის ვაიძულოთ პავლიკ მოროზოვობა და არც მამიკოების დავალებით შევიძულოთ ტატუებიანი, თუ უტატუო მეგობრები. ეს ამ თაობის სიმყრალეა, ცხოველური შიში რომ აქვთ ავტორიტეტების და სულ რომ არ უბრძანოს ავტორიტეტმა, თავისით წყვეტენ, გუშინ რომ გემეგობრებოდნენ ,ხვალ სამძიმარზე არ მოვლენ შენთან, რადგან "სხვა მხარეს" ხარ. თქვენი მეგობრები აირჩიეთ თქვენ და დაიცავით კიდეც ეს მეგობრობა, დახუჭეთ ყურები და დამუნჯდით, როცა მეგობრისთვის გულისსატკენი რამე მოგადგებათ ენაზე. შვილები არ არიან პასუხისმგებელი მშობლებზე, პირიქით კი ბატონო", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები სტუდენტებს იყენებენ.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.