როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს - ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილზე
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
"ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა და ახალგაზრდების დისკრედიტაციის მიზნით შეთხზული გზავნილები სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებას გამოხატავს. ღარიბაშვილის აზრი არავის აინტერესებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მუქარა და შურისძიება ამ ხელისუფლების ხელწერაა - მაშინ, როცა ღარიბაშვილის პოზიცია რუსი პროპაგანდისტების პოზიციებს ემთხვევა, ეს არის ის, რასაც ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები რუსთაველზე აპროტესტებდნენ.
საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების კონკრეტულ პარტიასთან აფილაციაზე საუბარი მათი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა - აქციაზე უამრავი ახალგაზრდა იდგა, ვისაც არანაირი პოლიტიკური პრეფერენცია არ ჰქონდა. ეს იყო შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები", - განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტი, დიმიტრი სალავიოვი საქართველოს პრემიერს აქებს ამ უკანასკნელის მიერ თბილისში გამართული აქციის მონაწილეების გაკრიტიკების გამო. "საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს", - ამბობს სალავიოვი ღარიბაშვილზე.