თეგებით ძიება

„შუა მარხვაში რომ პრემიერმა ჩვენ შვილებს ეშმაკები უწოდა, თქვენი პასუხი არ მესმის“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს და წერს.

„მღვდლებო, ბერებო, დეკანოზებო, შუა მარხვაში რომ პრემიერმა ჩვენ შვილებს ეშმაკები უწოდა, თქვენი პასუხი არ მესმის. 

ვისთვის მარხულობთ, როცა მომავალ თაობას ემუქრებიან და ცილს სწამებენ? ვისთვის მარხულობთ, თუ ქვეყანა არ გვექნება?

თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა ნგრევა მოუტანა ქართულ ეკლესიას რუსეთმა.

თქვენ ყველაზე კარგად იცით, როგორ იბრძოლა ქართველმა ხალხმა ეკლესიის მტრების წინააღმდეგ, რამდენი ტაძარი ააშენა, რამდენი ქვა გადაუმალა კომუნისტებს, რამდენი სიცოცხლე შევწირეთ, რამდენი სისხლი და ოფლი დავღვარეთ რწმენის აქამდე მოსატანად. 

ჩვენ ჯანდაბას, ჩვენი შვილები დადგნენ ახლა საფრთხის წინ და თქვენი გაჩუმება ახლა არ გამოვა. 

ნუ დატოვებთ მარტოს ჩვენ შვილებს, სწორედ ჩვენი შვილების ზურგზე უნდა გადაიაროს, მაგ ტაძრების მოვლა–პატრონობამ მომავალში, ეგ მომავალი თაობა უნდა იყოს მრევლი, ნუ იცხოვრებთ ერთი დღით!

საპატრიარქოს რა ვუთხრა, ჯაღმაიძეს, ეტყობა, რუსული კანონი გულით უნდოდა და შუა მარხვაში, კანადურ კანონზე საღლიცინოდაც მოიცალა. ყველა რუსული ნარატივისთვის მოიცალა, ჩვენი შვილების ბედის გარდა. 

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ჩვენი შვილები ეშმაკები არიან, მით უფრო, რა გაჩუმებთ? 

დიდი ხანია ცდილობენ ჩატეხონ ერსა და ბერს შორის ხიდი, რადგან დიდი და საშიში ძალაა ჩვენი ერთიანობა და თუ ბოლომდე ჩატეხილი ეგ ხიდი უკვე, გვითხარით, რომელ ნაპირზე დგახართ და ჩვენ გადმოვცურავთ, თავიდან ავაშენებთ მაგ ხიდს, ოღონდ, ნუ გაჩუმდებით და ოღონდ, ნუ მიატოვეთ ჩვენ შვილებს, რადგან ახლა მათი მიტოვება ნიშნავს ხვალ სამშობლოს, ენის და რწმენის გარეშე გაღვიძებას“, - წერს კეშელავა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი სატანისტებს ჰგავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა