თეგებით ძიება
14. 03. 2023 ბიზნესი

ჭკვიანი სახლი და მისი უპირატესობა

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ სახლები და სხვა შენობა-ნაგებობები უფრო მეტად კომფორტული, უსაფრთხო, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ენერგოეფექტური იყოს. ამის მიღწევა შესაძლებელია ჭკვიანი სისტემების გამოყენებით.

პირველად ტერმინი - ჭკვიანი სახლი აშშ-ში, 70-იან წლებში გამოიყენეს და ნელ-ნელა დაიწყო ჭკვიანი ტექნოლოგიის შექმნის პროცესი.

რა არის ჭკვიანი სახლი?

ჭკვიანი სახლის სისტემა არის კომპლექსური გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია, რომელიც თავიდან აცილებს მობინადრეს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს, ქმნის უსაფრთხო გარემოს და ამცირებს ხარჯებს.

ტერმინი ჭკვიანი სახლით მოიხსენიება სახლი ან კომერციული ნაგებობა, სადაც განთავსებულია მოწყობილობების ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კაბელით ან უკაბელოდ და შეუძლია ერთამენთთან ურთიერთქმედება.

მისი საშუალებით შეძლებთ მართოთ სახლის განათება, წყალი, გათბობა, ტელევიზია, კონდიციონერი, ტენიანობა, ტემპერატურა - ხმოვანი ბრძანებით ან თქვენს მობილურებსა და სხვა ნებისმიერ ტექნიკაში ჩაშენებული აპლიკაციის დახმარებით. ჭკვიანი სახლი არა მხოლოდ მართავს ბინაში არსებულ ნებისმიერ სისტემას, არამედ გეხმარებათ სახლის საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაშიც.

რა უპირატესობები გააჩნია ჭკვიან სახლს?

ჭკვიანი სახლი ამცირებს კომუნალურ გადასახადებსაც. ჭკვიანი სისტემა თვლის, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს მასზე შეერთებული ტექნიკა, რისი მეშვეობითაც გეცოდინებათ, რომელი მოწყობილობები ხარჯავენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას. ასევე სახლიდან გასულს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სახლის გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის კონტროლი/მართვა. ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად უწოდებენ სახლის ავტომატიზაციას, უზრუნველყოფს სახლის მფლობელების უსაფრთხოებასაც.

ჭკვიანი სახლის სისტემის საკვანძო ფუნქციებია: განათება, უსაფრთხოება, კლიმატის კონტროლი, ენერგოეფექტურობა.

განათება

ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ განათების სისტემა, მაგალითად:

შუქის ჩართვა მოძრაობის სენსორის დახმარებით;

სმარტფონის ან პლანშეტის საშუალებით განათების დისტანციურად მართვა;

სინათლის დონის სურვილისამებრ შეცვლა;

სახლში მაცხოვრებლის არსებობის სიმულაცია, რაც ნიშნავს, რომ შუქი პერიოდულად ჩაირთვება.

უსაფრთხოება

ჭკვიანი უსაფრთხოების კამერებით, მაცხოვრებლებს შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი სახლები, როდესაც ისინი იქ არ იმყოფებიან. გონიერი მოძრაობის სენსორებს შეუძლიათ, აგრეთვე დაადგინონ განსხვავება მაცხოვრებლებს, ვიზიტორებს, შინაურ ცხოველებსა და მძარცველებს შორის და შეუძლიათ აცნობონ მფლობელს, ან პოლიციას საეჭვო ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში.

ჭკვიანი სახლი ისეთ საფრთხეებსაც აგარიდებთ თავიდან, როგორიც არის ხანძარი, გაზის და წყლის გაჟონვა და ა.შ. ის ასევე, ქმნის უსაფრთხო და მარტივ გარემოს ბავშვებისთვის, მოხუცებულებისთვის და შშმ პირებისთვის.

კლიმატის კონტროლი

კლიმატის კონტროლის სისტემის არსებობა საშუალებას გაძლევთ, რომ სახლში სასურველი ტემპერატურა შეინარჩუნოთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ტემპერატურა დისტანციურად შეცვალოთ, დააყენოთ დროების მიხედვით, რა პერიოდში გინდათ სახლის გათბობა თუ გაგრილება.

ეს არის ყველაზე მინიმალური ფუნქციური ნაკრები, რომელიც შეიძლება სახლში დამონტაჟდეს. შეგიძლიათ ეს სისტემა სხვა სასარგებლო ვარიანტებითაც გააფართოოთ, რაც თქვენს პრეფერენციებზე და ფინანსებზეა დამოკიდებული.

ენერგოეფექტურობა

ჭკვიანი სისტემების მეშვეობით სახლში შესაძლებელია, ელექტროენერგია დავზოგოთ და მეტად მიზნობრივად გამოვიყენოთ ის, რითაც გარდა იმისა, რომ ენერგოეფექტურობას გავზრდით, ჩვენს პლანეტასაც გავუფრთხილდებით.

ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემების სწორად მართვის შემთხვევაში შესაძლებელია კომუნალური გადასახადების დაზოგვა დაახლოებით 40%-ით.

ამრიგად, ჭკვიანი სახლი ქმნის სრულად ავტომატიზირებულ სივრცეს, რომელიც გიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას, გიზოგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს. ჭკვიანი სახლის სისტემის ინსტალაციის შემდგომ, თითის ერთი შეხებით, თქვენ ეფექტურად შეძლებთ მართოთ და აკონტროლოთ თქვენი სახლის თითოეული მნიშვნელოვანი ასპექტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა