ფეხბურთს გულით და გონებით ვთამაშობ, რადგან მიყვარს, რასაც ვაკეთებ - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია?
ფეხბურთს გულით და გონებით ვთამაშობ, რადგან მიყვარს, - New York Times-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ესტუმრა და მის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
„ევროპული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი საკმაოდ მორიდებულია. ბოლო 9 თვის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა ის, რომ არ არსებობს არაფერი, რაც მას წონასწორობიდან გამოიყვანს. მისთვის ყველაფერი ისე ისე შეუფერხებლად წარიმართა, რომ ხანდახან თავადაც კი იყო გაოგნებული“, - წერს ჟურნალისტი.
„მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი, თავი სიზმარში მგონია“ - ამბობს კვარაცხელია.
„ტრაექტორიები, რომელსაც კვარაცხელია ხაზავს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ არსებობს. აღარ არსებობს შუაღამის სენსაციები. თანამედროვე ახალგაზრდა ფეხბურთელებს 10 წლის ასაკში აგენტები ჰყავთ, 12 წლიდან ფეხსაცმელების კომპანიასთან დებენ კონტრაქტს, 14 წლიდან კი „იუთუბის“ ვარსკვლავები ხდებიან. ქართველის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ის 21 წლამდე რუსეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. ეს არ არის ისეთი გარემოება, საიდანაც შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველ შემტევ ძალებს შორის აღმოჩნდეს. თუმცა ეს სწორედ ისაა, რაც მოხდა.
ნეაპოლში ჩასვლისთანავე მას გულშემატკივრები კვარადონას, ან კვარავაჯოს ეძახდნენ. საქართველოში ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ ჩარტერული ფრენები მოაწყო ნეაპოლის მიმართულებით გუნდის საშინაო მატჩებზე დასასწრებად, რათა, როცა ის მოედანზე გადის, „მარადონას“ სტადიონის ერთ პატარა კუთხეში საქართველოს დროშები სულ ფრიალებდეს.
ცხრა თვის შემდგომ, კვარაცხელია ისევ არ ჰგავს თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებს. თმა აჩეჩილი აქვს, თუმცა ეს სულაც არ არის სტილისტის მიერ შესრულებული, წვერის გამო კი მას ჩე კვარაც კი შეარქვეს. ის რომანტიკოს პოეტს ან მონდომებულ პოლიტოლოგიის სტუდენტს წააგავს“, - ვკითხულობთ სტატიაში.