"ხვიჩას ბებია, სახელად დუნია, ამ საქმის დიდოსტატი გახლდათ. და ხვიჩასაც შეასწავლა" - რას წერს კვარაზე გიორგი კეკელიძე?
მწერალი, გიორგი კეკელიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასადმი მიძღვნილი წიგნიდან ამონარიდს სოციალურ ქსელში აზიარებს.
"ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპირად იცის უმძიმესი რიტუალი – წამოდგომა შეზამთრებისას. ღუმელიან ოთახში იქ იშვიათად თუ წვება ვინმე. თუ ოდა- სახლია – ცხადია, რომ მეორე სართულზე, თუ ,,ბელეტაჟი” – ,,ფეჩიდან” რაც შეიძლება შორს. არის აქ რაღაც შუა მაზოხიზმსა და პაკაზუხობას შორის. ვინც თბილ, ყოველდღიურ ოთახში იძინებდა, თან რაცხა უცნაური ოჯახიდან იყო, თან გაუგებრად გვშურდა მისი, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლო. ჰოდა, დაწოლა ცალკე და წამოდგომა ხომ ცალკე და ცალკე. ტანსაცმელი ყინვაში რომ ცუდად გაწურულს გაფენ და ზევიდან თოვლი მოუსწრებს – ამგვარის მეზობელ დღეშია.
,,სირისტია, სირისტი იქინე” და იმიტომ.
მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ვინმე წამოდგება შენამდე და ცეცხლს დაანთებს. თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთნახევარი გზა ,,სპალნიდან” ,,ფეჩის ოთახამდე”. გათბობის განცდით სავსე გზა. ვისაც ეს გზა არ გაგივლიათ, სამოთხეში ვერ მოხვდებით. და თუ მოხვდებით, ვერ მიხვდებით, რომ სამოთხეა.
ხვიჩას ბებია, სახელად დუნია, ამ საქმის დიდოსტატი გახლდათ. და ხვიჩასაც შეასწავლა. არაფერია იმაზე რთული, ვიდრე სველი შეშით ცეცხლის დანთება. სიზიფეს საქმის ნათესავი ამბავია. ვისაც სოფლად უცხოვრია, იოლად მიხვდება. დიდხანს უნდა იწვალო, შეიძლება ძველი, განწირული წიგნის ქაღალდი მიაშველო და ასე გამოაშრო. თუ გაქვს ხმელი ერთი ღერი მაინც – დიდი წამალია. ან კვარი ან „სალიარკა“ ლიმონათის მიწისფერი ბოთლიდან. და ბოლოს მოეკიდება. საათების მერე. ამ ცეცხლით ვერ თბები, უბრალოდ გიხარია, რომ დაინთო. ჰოდა, ხვიჩას გზაც ასეთი გამოდგა - ის სულ ცეცხლს ანთებს სველი შეშიდან და არასდროს ნებივრობს სითბოთი. ეს სითბო სხვისთვისაა. თვითონ აგრძელებს ახალი და დიდი კოცონისთვის ბრძოლას. ყველა მისი თამაში მიღწეულით ტკბობის წინააღმდეგაა. ყველა მისი ვარჯიში გუშინდელი დღის გადალახვა. ამიტომაცაა არის გამზადებული მსოფლიოს ბუხრისთვის კვარას კვარი.
წიგნიდან - ,,ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი",- წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.