ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა.
"შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას", - წერია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობა ამბობს, რომ განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორის მოადგილე ჯასტინ ჯეიმს მაკენზი სმიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.