„აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშავოს ბავშვის დაცვის კოდექსი“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ ასეთ დროს პოლიტკორექტურობა მარაზმია.
„უდიდესი ტრაგედია მოხდა დიდ დიღომში, ისეთი რომ, სამძიმრის თქმაც კი აზრს კარგავს. პრაქტიკულად უცნობი მანიაკი თავისუფლად დადის თბილისის ქუჩებში. რატომ არ გამოდის შსს მინისტრი სიტყვით და არ მოახსენებს ერს, რა ხდება და რა პროცესშია გამოძიება?
არც ის მომწონს, რომ მედია არ ასახელებს ბავშვის სახელს და გვარს, როდესაც ოჯახმა უკვე იცის მომხდარი და არც ფოტოს ავრცელებენ. ასეთი პოლიტკორექტულობა მარაზმია და ტრაგედიის სიმძაფრეს ანელებს, რაც ძალიან არასწორია. თავისთავად, კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ საქართველოში ბავშვები უმეთვალყურეოდ დადიან ღამით, ასეთი რამე წარმოუდგენელია ევროპაში. აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშავოს ბავშვის დაცვის კოდექსი. რაც არ უნდა დაცული ქვეყანა იყოს, მანიაკები და მკვლელები ყველგან არიან საუბედუროდ, ამიტომ დაცვის პრევენციული წესების შემუშავება აუცილებელია.
ინგლისში მაგალითად აკრძალულია 10 წლამდე ბავშვმა დღისით მარტომ იაროს ქუჩაში, ხოლო მე-16 წლამდე ღამითაც ეკრძალება მარტო სიარული. სახლში ბავშვის მარტო დატოვება იკრძალება 7 წლამდე, 7 დან 12 წლამდე ცოტა ხნით შესაძლებელია დატოვება, თუ ბავშვი ჭკვიანი და საზრიანია, 16 წლამდე ბავშვების მთელი ღამით სახლში მარტო დატოვება სასტიკად აკრძალულია. თავისთავად იგულისხმება, რომ თუ სახლში ვერ დარჩება მე-16 წლამდელი ბავშვი მარტო, მით უფრო ქუჩაში ღამით ვერ ივლის მარტო ბავშვები 16 წლის ასაკის ქვემოთ. 16 წლის ასაკიდან კი მუშაობაც შეუძლია და თავისუფალი, დამოუკიდებელი მიმოსვლა. რატომ ჰგონიათ საქართველოში ზოგს, რომ ღამის 9-10 საათზე ბავშვების/ბავშვის მარტო სიარული ქუჩაში ნორმალურია, გაოგნებული ვარ, ეს არაა ევროპული ქცევა და ნორმა, ეს უპატრონობაა“, - წერს ილია ჭიღლაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ერთი ვერსიით, ის მ ოკლეს, სხვა ვერსიით, კი მასს საჭმელი გადაცდა და გაიგუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.