მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა.
სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. დღეიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.