ოლივერ ვარჰეის გადავეცით მზაობა, რომ პარლამენტი ეცდება, დისკუსია ფართო ჩართულობით გაგრძელდეს - ილია დარჩიაშვილი
გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის გადავეცით ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, დისკუსია ყველა მონაწილის ჩართულობით გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელ წელს ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში. ორად არის ვიზიტი გაყოფილი: პირველი ნაწილი ეთმობა ჩემს შეხვედრებს ევროკომისიაში როგორც კომისრებთან, ისე სხვა პასუხისმგებელ პირებთან, ხოლო ვიზიტის მეორე ნაწილი არის საქართველო-ნატო-ს კომისია, რომელიც გაიმართება კვირის მეორე ნახევარში.
დღეს დავიწყე შეხვედრები, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გაფართოების საკითხებში კომისართან, ბატონ ვარჰეისთან. ჩვენ ის ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც უკვე გატარდა, რომლებიც უკვე დასრულდა. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ ვენეციის კომისიისგან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ამ კონკრეტული რეკომენდაციების გარშემო უკვე პარლამენტში პოლიტიკური პროცესია. მე გადავეცი კომისარს ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, ფართო ჩართულობით, ამ პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობით ეს დისკუსია გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.