სააკაშვილის ციხეში დაბრუნება უდრის მის სიკვდილს - თამარ კორძაია
დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია კლინიკა "ვივა მედის" განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება უდრის მის სიკვდილს. ამის შესახებ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, პირიქით, მუდმივად არის რეჟიმში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ღირსება შეულახოს. სრულიად გაურკვეველია „ვივამედის“ განცხადება რას ისახავს მიზნად. მაშინ, როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულება ამბობს, რომ ჩვენ მოგვაშორეთ, პრაქტიკულად ეს არის ფიცის თქმაზე უარი.
ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება პირდაპირპროპორციულად უდრის ამ ადამიანის სიკვდილს. ეს განცხადება „ვივამედის“ ბიზნესზე პოზიტიურად არ აისახება“, - განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, "ვივა მედმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა პენიტენციურ დაწესებულებას მიმართავს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.