არ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა, ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის - პრეზიდენტი ევროკავშირის სტატუსზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე მეორე უარის თქმა იქნება სიგნალი რუსეთის ხელისუფლებისთვის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არ შეიძლება დღეს საქართველოსთვის მეორე უარის თქმა სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად. რადგან იზოლაციაში გადასროლა არ შეიძლება. საქართველო არის რეგიონში, კავკასიაში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი უარის თქმამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შიდა სტაბილურობაზე. ამიტომაც ყველას ინტერესია, რომ შავი ზღვა, კავკასია, ჩვენ ვიყოთ იმ სივრცეში, რაც არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ჩვენმა ხალხმა აჩვენა, თუ საითკენ მიდის და სად არის ქვეყანა და ესეც უნდა იყოს აღიარებული. ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს გაუჩინო რაიმე განცდა, რომ საქართველო აღარ არის მჭიდროდ დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.