სირცხვილია ვიღაც შეუმდგარი ადამიანები ასე რომ საუბრობენ - მეუფე იაკობი ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან ვიზიტზე
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებისას პატრიარქის მიერ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას მიღებას და დალოცვას გამოეხმაურა.
„მჯერა, საქართველო ბოროტების გზით არ წავა. ღმერთმა შეარიგოს ქართველი ერი. თუ არ შევრიგდებით, სულ ასეთი ამბავი მოხდება. რაღაც მოხდება, იტყვიან, ესენი რუსები არიან. აბა, შეხედეთ, ნორმალურები არიან? ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები. რა ოჯახებში არიან გაზრდილები, უფროს-უმცროსობა ყოველთვის ვიცოდით საქართველოში. ვიღაცები, შეუმდგარი ხალხი პატრიარქს გადასწვდებიან ხოლმე. რა მათი საქმეა, ვინ მივა პატრიარქთან.
ის როგორ უნდა თქვან, რომ თურმე რეიტინგის აწევა უნდა, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია რომ მივიდეს მასთან. ღმერთმა უდიდეს ფეხბურთელად აქციოს, გვიხარია მისი ყურება. პატრიარქმა თაობების საქმე გააკეთა და ამ ქვეყანაში ყველას თავისი აქვს. უბრალოდ, სირცხვილია ვიღაც შეუმდგარი ადამიანები ასე რომ საუბრობენ. ქრისტიანობა ლაჩრობას არ ნიშნავს. არ ფიქრობენ პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან ბოლოს და ბოლოს. ვითომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვინ მოგიშვებს ასე რომ იქცევი. კარგად გადახედონ, ძალა სად არის, მუქარის გარეშეა ეს, კეთილი რომ გვინდა საქართველოსთვის იმიტომ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.