თბილისში ბინების გასაყიდი ფასი დოლარში 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება - TBC Capital
თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შედარებით ქირის ღირებულება 5.1%-ით გაიზარდა და 13.1 დოლარს მიაღწია. 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით კი გასაქირავებელი ფასი 125%-ით არის გაზრდილი.
მიმოხილვის ავტორები 2023 წელს თბილისში ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასის ზრდას პროგნოზირებენ.
"ჩვენი განახლებული პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით“, - აცხადებენ მიმოხილვის ავტორები.
გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა (+24% თ/თ) და 261 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების ამონაგები წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) გაიზარდა და 12.2%-ს გაუტოლდა. ამონაგები ეროვნულ ვალუტაში არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს (12.48%) მცირედით ჩამორჩება.