გასაქირავებელი ბინის ფასი, ფაქტობრივად, ყველა უბანში გაიზარდა - რა გავლენა ჰქონდა მიგრანტების ნაკადს უძრავი ქონების ბაზარზე
საქართველოში მიგრანტების ნაკადმა ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, რაც უფრო თვალსაჩინო სექტემბრიდან გახდა, - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, დავით კვეშელავა აცხადებს.
მისივე თქმით, მიგრანტების ფაქტორმა გავლენა უძრავი ქონეის ბაზარზეც მოახდინა.
“მიგრანტების ნაკადს გარდა პოზიტიური გავლენისა, ნეგატიური შედეგიც ჰქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაცია, რადგან ამ მაჩვენებელში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით მოთხოვნას, რაც მიგრანტების ნაკადს უკავშირდება. ვიცით, რომ ეს ნეგატიურად მოქმედებს განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ნაწილზე, რადგან მათ სამომხმარებლო კალათაში ძალიან დიდი წილი აქვს იმ პროდუქტებს, რომლებზეც ამ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა და აქ განსაკუთრებით ყურადსაღებია ბინის ქირის მნიშვნელოვანი გაძვირება. ფასებზე განსაკუთრებით დიდი ეფექტი ჰქონდა მიგრანტების ე.წ მეორე ტალღას, რაც ოქტომბრის შემდეგ პერიოდში დაიწყო. გასაქირავებელი ბინის ფასი ფაქტობრივად ყველა უბანში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების პირველი ნაკადის შემოსავლის შემდეგ ფინანსური კრიმინალის ზრდაც იყო",-ამბობს კვეშელავა.
მისივე თქმით, მიგრაციის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე წლის მეორე ნახევრიდან კლებას დაიწყებს, ხოლო წლის ბოლოსთვის ეგ გავლენაც ამოიწურება: “ეკონომიკურ ზრდაზე მიგრანტების გავლენა შედარებით მაღალი წლის პირველ ნახევარში იქნება".
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო, საქართველოში რუსეთის ასეულობით ათასი მოქალაქე შემოვიდა.
წყარო: bm.ge