თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.