კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სექტორს ექნება ერთ-ერთი ძლიერი ანალიტიკური მიმართულება.
მისივე თქმით, ბიუროს ასევე ექნება საერთაშორისო მიმართულება, ამასთან, შექმნილია ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, არამედ ის სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
„შემდგომი მიმართულება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება საერთაშორისო მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, ამისთვის შევქმენით ცალკე დეპარტამენტი და მუდმივად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენი ბიუროს სამუშაოებს. ასევე შევქმენით ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, ის სხვადასხვა უწყებაში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვან მიმართულებებში და ამავდროულად იზრუნებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საზოგადოებაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებს განვახორციელებთ", - განაცხადა კუპრაშვილმა.