კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
დაკავებული აქტივისტის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობს.
პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.