თეგებით ძიება

„ლაზარე ცალსახად არის პოლიტიკური პატიმარი და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დააშავა თუ არა რამე“ - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი მარტში, თბილისში ჩატარებული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენიმე წლის წინ ტაბურეტკებით რომ დასდევდნენ უდანაშაულო ადამიანებს იმ ავაზაკებს რა ბედი ეწიათ? 

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ლექსო ლაშქარავა რომ მოკლეს იმ კრიმინალებმა მოიხადეს თუ იცით წლები მძიმე დანაშაულისთვის? 

რამდენიმე დღის წინ თბილისში მანქანაში მსხდომ ბავშვებს და ქალს ბრბო რომ დაესხა თავს ისინი წინასწარ პატიმრობაში, ან რამენაირ პატიმრობაში დატოვეს? 

ევროკავშირის დროშას რომ კბენდნენ ის ველურები რაიმე ფორმით იხდიან სასჯელს? 

რამე განსაკუთრებული კონსტიტუცია გაქვთ, რომელიც ამბობს რომ ლაზარესთან უნდა აღსრულდეს მხოლოდ კანონი მთელი სიმკაცრით და უდანაშაულო მოქალაქეების დამწიოკებლები კანონს მიღმა განაგრძობდნენ დანაშაულის დანაშაულზე ჩადენას? 

ლაზარეს თავს რაც ხდება ეს რომ ნორმალური გგონიათ, იმათ, არ გეშინიათ რომ თქვენი შვილების გზაც შეიძლება რაიმე ფორმით გადაიკვეთოს ამ კანონის ჩარჩოებიდან სრულიად გასული ხელისუფლების წევრებთან? 

ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს იმ სხეულში, იმ სურვილებით როგორც მას მოესურვება, გამოიყურებოდეს ისე როგორც მოსწონს საკუთარი თავი, უყვარდეს ის ვინც მას აბედნიერებს  და საერთოდაც იყოს საკუთარი თავი და არა ის ვინც თქვენ გინდათ რომ იყოს.  

ვინ მისცა უფლება ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს მოქალაქეების პოლიტიკური თუ პიროვნეული ორიენტაციის ჟანდარმი იყოს?  

ლაზარე ცალსახად არის პოლიტიკური პატიმარი და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დააშავა თუ არა რამე. დანაშაულის გამოძიებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი როცა სასამართლო არსებობს. მას უკვე გამოუტანა განაჩენი ხელისუფლებამ თავისი კომენტარებით, რაც ნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება პროცესის დაწყებამდეც კი აქვს წართმეული.

იქ რომ ვცხოვრობდე, ყველა აქციაზე ვივილიდი რომელიც ლაზარეს განთავისუფლებისთვის იბრძოლებს, განურჩევლად ორგანიზატორებისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულებისა. თქვენი შვილების უსაფრთხოებისთვის უნდა დაიხსნათ ლაზარე ბოროტმოქმედების ხელიდან“, - წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა