იანვარ-თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 7.1 პროცენტი შეადგინა - ირაკლი ღარიბაშვილი
იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 7.1 პროცენტი შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებებში მაღალმა აქტიურობამ, მათ შორისაა მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.
„იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი და თებერვალში გვქონდა 5.8 % ეკონომიკური ზრდა ანუ საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7.1%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია და მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა. ასევე მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში - მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული,“ - აღნიშნა პრემიერმა.