უძრავ ქონებაზე ფასი კოლოსალურად გაიზარდა - Colliers Georgia
უძრავ ქონებაზე, რომლებიც ადრე მედიუმ კლასის ბინებად იყიდებოდა, ისე გაიზარდა ფასი, პრემიუმ კლასის ბინებად იყიდება. ამის შესახებ Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში წერია.
თბილისში, სექტემბერში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში მაჩვენებელი კი 167%-ით გაიზარდა.
„ბოლო წლებში, თბილისში, უძრავი ქონების ბაზარზე იყო ეკონომ სეგმენტის ზრდა. განსაკუთრებით პანდემიის დროს იყო ყველაზე დომინანტი, თუმცა 2021 წლიდან დაიწყო ტენდენცია, როცა მედიუმ და პრემიუმ კლასის ბინებზე გაიზარდა მოთხოვნა. განსაკუთრებით, მიმდინარე წელს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლებზე გაჩნდა განსაკუთრებული მოთხოვნა. დაახლოებით, წარმოდგენა რომ გვქონდეს პირველი 9 თვის მონაცემით პრემიუმ კლასის ბინებში 1600 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 140%-მდე ზრდას ნიშნავს. ეს მასშტაბი გასულ წლებში არ დაფიქსირებულა.
აღნიშნული განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, პირველია ის, რომ შემოსული არარეზიდენტების წილი ნამდვილად არის ტრანზაქციებში, რამაც მოთხოვნა გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხოვნამ ფასების ზრდაზე იქონია გავლენა - უძრავი ქონება, რომლებიც ადრე მედიუმ კლასის ბინებად იყიდებოდა ისე გაეზარდათ ფასი, პრემიუმ კლასის ბინებად იყიდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადრე გაყიდვების სტრუქტურაში პრემიუმ კლასის ბინებს 2-3% ეკავა, ახლა კი უკვე 5%-ს აღემატება, რაც ასევე კარგად ასახავს არსებულ რეალობას“, - განაცხადა ეთუნა მუნჯიშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტად მოთხოვნა და ტრანზაქციები ბათუმში, გუდაურსა და ბაკურიანში გაიზარდა.
წყარო: Bm.ge