თეგებით ძიება

თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - სალომე ზურაბიშვილი

თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის რეპუტაცია. პრეზიდენტის განმარტებით ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს სრული გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა.

„მინდა, უპირველესად, მოგილოცოთ ხარების დღესასწაული. მინდა საქართველო ვნახო მართლაც გახარებული და დაწყნარებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღეს არ მიხარია. არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს როგორც იცით, შევხვდი აშშ-ის ელჩს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და ამ 4 პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს ელჩი, ამავე დროს განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ. ამიტომაც, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება.

ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების ქვეყნების სიაში მაშინ, როდესაც საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება, ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში არ იყოს აღქმული, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზე, ყველაზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, რასაც ყველა პარტნიორი აკვირდება, მით უფრო სწრაფად აღადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მით უფრო ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებს და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა