"ხვიჩა ბურთის მიწოდებას უგვიანებენ... ეგოისტობაზე და მის მიმართ შურზე გეფიქრება" - რას წერს გოგა ჩანადირი კვარაზე?
ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი "ნაპოლის" ქართველ გარემარბზე წერს და მის მიმართ თანაგუნდელთა სავარაუდო შურზე საუბრობს.
"შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ "ნაპოლის" ბოლო თამაშებს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბურთის მიწოდებას უგვიანებენ. განსაკუთრებით, მარიო რუის აქვს ეს პრობლემა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პორტუგალიელი ხვიჩას განგებ არ ათამაშებს ან თუ მაინც აწვდის ბურთს, საკმაოდ უხერხულად. გასაგებია, კვარადონაზე მეტოქის დაცვა განსაკუთრებით ყურადღებით თამაშობს, მაგრამ ჩვენებურს ურთულეს მდგომარეობაშიც კი შეუძლია ფინტებით გამოძრომა და გათავისუფლებულ ზონებში მყოფი თავისიანებისთვის საგოლე გადაცემების ჩაწოდება.
მგონია, რომ "ნაპოლი" ხვიჩას ფაქტორს სათანადოდ ვერ იყენებს. ფეხბურთელები ბურთს კვარას ფლანგზე მეტად
მარჯვენაზე ათამაშებენ ან უკან აწვდიან. შესაძლოა, ეს მწვრთვნელის ტაქტიკაც იყოს, მაგრამ ხშირად საუკეთესო პოზიციაში მყოფ ხვიჩას რუი და მისთანები ისეთ ბურთს არ აწვდიან, რომ ძალაუნებურად მწვრთვნელის ტაქტიკაზე კი არა, ეგოისტობაზე და მის მიმართ შურზე გეფიქრება.
დააკვირდით, გოლების დიდი ნაწილი კვარამ ან თვითონ შექმნა ან ოსიმენმა მიაწოდა. თითქოს, სხვები ხვიჩას ვერ იმჩნევენ. არადა, ბიჭი პირველივე სეზონზე სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი 3-ჯერ გახდა.
ფეხბურთი გუნდური თამაშია და ბოლომდე გუნდურად უნდა ითამაშო, ისე, როგორც კვარა თამაშობს, რომელსაც ევროპაში საგოლე გადაცემების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს",- წერს ჩანადირი.
ცნობისთვის, "ნაპოლის" ბოლო ორი შეხვედრა სუსტი იყო, რის გამოც გუნდმა კრიტიკა დაიმსახურა.