„ბიძინამ საბოლოოდ ფსონი რუსეთზე დადო“ - მამუკა გამყრელიძე
პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ აირჩია გეზი რუსეთისკენ.
"ცოტა გრძელი პოსტი გამომივა, რისთვისაც წინასწარ ბოდიშს ვიხდი. თხოვნასაც დავამატებ, რომ მხოლოდ მათ წაიკითხონ ვისაც მშვიდად შეუძლია მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან უყუროს. ეს პოსტი ფსევდოპატრიოტულ ბრავადაზე გათვლილი არ არის.
ჩემის მოკლე ჭკუითა, ბიძინა ბოლომდე თამაშობდა ორმაგ თამაშს. ცდილობდა ქოცნებასთან დისტანცირებას. თუთიყუშებთანაც კი გადაიღო ვიდეო. ამ აზრში სალომეს გამოსვლამაც გამამყარა, როცა ტრიბუნიდან განაცხადა, სანამ ბიძინა იყო დასავლეთში მივდიოდით და ახლა საით მივყავართ ქოცნებასო ?
ვითარება რადიკალურად შეიცვალა ბლინკენის გამოსვლის შემდეგ (სანქციების გამოცხადება მისი პირით განსაკუთრებით ამძიმებს სიტუაციას). თავიდან ქოცნების რიტორიკა ნაკლებდამაჯერებელი იყო, მაგრამ როცა სცენაზე (პარლამენტში !) გამოჩნდა ლილუაშვილი, რომელიც მუდამ ერიდება საჯაროობას და მისი პოზიციიდან გამომდინარე ბიძინას განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, ცხადი გახდა, რომ ამერიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმაში თავად ივანიშვილიც ჩაერთო. ქოცნებაც გათამამდა და განცხადებების ენაც გამკაცრდა.
ჩემი ვარაუდით (ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი) ბიძინამ საბოლოოდ აირჩია გეზი რუსეთისკენ. მას უკვე გაუჭირდება ვინმე დააჯეროს საკუთარ პროდასავლურობაში. ჩნდება კითხვა რატომ რუსეთი? ორი ვარიანტია.
1. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერ ლაგდება დასავლეთთან.
სიმართლე გითხრათ ამის ნაკლებად მჯერა, რადგან დასავლეთის პრაგმატულობა და პოლიტიკური მოქნილობა აუცილებლად დაუტოვებდა ბიძინას მანევრის საშუალებას. მათ კარგად იციან ბიძინას წონა და გავლენა ქართულ პოლიტიკაში და ასეთ დროს ყოველთვის ითვალისწინებენ რეალობას. ცხადია ეს არ ეხება სისხლიან დიქტატორებს. ბიძინა კი ასეთი არ არის;
2. ეს ვარიანტი უფრო სარწმუნო მგონია. ბიძინას უყვარს ანალიზი და, როგორც ჩანს ჩააანალიზა, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ დამარცხდება. ამის საფუძველს მისი გათვლით (ალბათ !) იძლევა რუსეთის საკმაოდ დიდი ადამიანური, სამხედრო, ბირთვული, ფინანსური და პოლიტიკური რესურსი. გარდა ამისა, შესაძლებელია ის თვლის, რომ ამერიკა არ შეეცდება შეუწყოს ხელი უკრაინას რუსეთის საბოლოო დამარცხებაში, რადგან გამარჯვებული უკრაინა ამერიკისთვის ნაკლებ პროგნოზირებადია ვიდრე რუსეთი. არც რუსეთის გამარჯვება აწყობს და ამიტომ შუალედურ ვარიანტს აირჩევს. ისედაც მწირად აძლევს იარაღს უკრაინას და რაღაც მომენტში საერთოდ შეაჩერებს და იძულებულს გახდის ზელენსკის ზავზე წავიდეს. მაგალითად კონტრშეტევის შემდეგ თუ არ იქნება უკრაინის ხელშესახები წარმატება.
ასეთ შემთხვევაში პუტინი შიდა ბაზარზე ომს მოგებულად გაყიდის. მისი ახლო სამეზობლო (საქართველო მათ შორის) კიდევ უფრო მეტად გადავა რუსეთის გავლენის ქვეშ. სტატუსის ვერმიღებაც დაგვაშორებს დასავლეთს.
აპელირება საქართველოს ტრანზიტულ-კორიდორულ თემაზე არ არის რელევანტური. დასავლეთი ყოველთვის მოახერხებს საერთო ენის პოვნას ამ საკითხში რუსეთთან. ამიტომაც გააგზავნა პრემიერი ალიევთან სადაც ზედმეტად მეგობრული შეხვედრაც კი მოუწყვეს.
შესაბამისად ბიძინამ საბოლოოდ ფსონი რუსეთზე დადო.
P.S. ეს არ არის ჩემი შეხედულებები. მე შევეცადე ბიძინას თავში ჩამეხედა და უკვე ჩემი ლოგიკიდან გამომდინარე დამენახა ის რაციო, რომელმაც ბიძინას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა და გააჟღერებინა ლილუაშვილის ხელით.
კრიტიკა და კამათი მოსულა კორექტულობის ფარგლებში", - წერს გამყრელიძე.