არ მისცემ მისაღებ ხელფასს და კადრი გაგექცევა - რას ამბობს ჩაის კომპანიის დირექტორი?
ჩაის კომპანია „მანნას“ დირექტორმა, ირაკლი ღურჭუმელიამ განაცხადა, რომ დღესდღეისობით კომპეტენტური კადრის პოვნა რთულია.
მისი თქმით, ეს ზოგადად ყველა კომპანიისთვის პრობლემაა, ამიტომ კონკრეტული მიმართულებებით, კადრების გადამზადება „მანნამ“ საკუთარ თავზე აიღო.
„ზოგადად კადრების პრობლემა ქვეყანაში არის. „მანნაში“ ამ ეტაპზე დასაქმებულია 32 ადამიანი. წარმოებაში ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებული, ჩვენი საწარმო მდებარეობს საგურამოში. კვალიფიციურ კადრებში, რა თქმა უნდა, პრობლემაა და ჩვენ თვითონ გვიწევს ხალხის გადამზადება. ძალიან ბევრი მიმართულებაა, მაგალითად, სურსათის უვნებლობის, დანადგარებთან ოპერატორების მუშაობის კუთხით, ამ ხალხის გადამზადება მოგვიწია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები გვყოლოდა.
ჩვენთან ავტომატიზებულია ყველაფერი, ფაქტობრივად, ერთ დანადგართან ერთი ადამიანი მუშაობს, თუმცა ამას თავის ცოდნა სჭირდება. თბილისში კიდევ იპოვი კადრს, რომელიც იმუშავებს, რეგიონში საკმაოდ რთულია კვალიფიციური ადამიანების პოვნა.
რაც შეხება კადრების გადინებას, ჩვენს წარმოებაში, ბოლო წლინახევრის განმავლობაში სადღაც 20-25%-ით მოგვიწია ხელფასების გაზრდა. ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სახელფასო პოლიტიკაც ყველა კომპანიაში გაიზარდა. სამომხმარებლო კალათის ფასიც გაიზარდა, ჩვენ კიდევ, კადრების შენარჩუნება გვინდა. არ მისცემ მისაღებ ხელფასს და კადრი გაგექცევა, შესაბამისად, ბალანსი უნდა დავიჭიროთ“,- განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.
წყარო: Bmg.ge