„ამ ვითარებაში ყველანი მსხვერპლები ვართ – ოპერაში მისულებიც და არმისულებიც“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.
„ივანიშვილის “დიმაუშკა”.
ივანიშვილისთვის მთავარი საფრთხე მორალური სიცხადეა.
ამიტომ მის სასარგებლოდ მოქმედებს ყველაფერი, რაც ბუნდოვანს ხდის ყველაფერს, რაც “ჭრის” სიტუაციას, რაც “ბლარავს” სურათს, რაც ერთ ქვაბში მოხარშავს ყველას და ყველაფერს.
ამ ვითარებაში ყველანი მსხვერპლები ვართ – ოპერაში მისულებიც და არმისულებიც, გამმართლებლებიც და დამწუნებლებიც. სხვა მართავს ჩვენს ქმედებას, განწყობას, მოტივაციას.
– ეს თუ სტატუსის მიღებას წაადგება, მერე რა მოხდა?
– იქნებ შეიწყალოს ნიკა?
ფიქრობენ ადამიანები, რომლის გულწრფელ განზრახვასა და გონიერებაში ეჭვი არ მეპარება.
სწორედ ამიტომაა ეს ივანიშვილის “დიმაუშკა” ბოროტების მსახური (თუნდაც ხვალ შეიწყალოს გვარამია), რომ ადამიანების გულწრფელ სურვილებზე თამაში შეუძლია.
ხედავთ, რომ ადამიანი ღრმა წყალშია ჩავარდნილი, მაგრამ ჯერ კიდევ უსვამს მკლავს. ამიტომ ჯერ არ ჩქარობთ, მაშველი რგოლი გადაუგდოთ. დროს წელავთ.
აი, ამ მორალის, უფრო სწორად ამორალობის არსია ეგ ივანიშვილის “დიმაუშკა”.
ადამიანებით მანიპულირებაა ბოლშევიკობა. ბოლშევიკობაა, საზოგადოების დაბნევა. ბოლშევიკობაა მორალური კომპასის მოშლა, როდესაც მორალური სიცხადეა საჭირო.
P.S. ნუ დაამუნათებთ ოპერაში მისულ კარგ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაზე მეტად გრძნობენ თავს მანიპულაციის მსხვერპლებად. მათთან ერთად, ჩვენც“, - წერს ჭიაბერაშვილი.