ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა, სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა.
"გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 125 ათასი ტონა არის დაგეგმილი" - განაცხადა ჟუმანგარინმა.
მისი თქმით, ბაქო ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტებსაც სთავაზობს.
კერძოდ, ბაქო-სუფსას მილსადენის გამოყენებას და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებში მიწოდებას. მინისტრის თქმით, ყაზახეთის მიერ ახლა ბაქო-სუფსას მილსადენის ტექნიკური მახასიათებლების გამოთვლა მიმდინარეობს.
“გუშინ საკმაოდ მკაფიოდ განიხილებოდა გაერთიანებული საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც ამ სატრანზიტო მარშრუტზე ერთიანი ოპერატორი იქნებოდა, გამჭოლი ტარიფით, ტრანზიტის იაფი შესაძლებლობებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით”, - განაცხადა ჟუმანგარინმა.