თეგებით ძიება

„გაიცანით. ეს არის ჩემი ბედნიერი და მოღიმარი ოჯახი ერთ პატარა ოთახში...“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს.

„გაიცანით. 

ეს არის ჩემი ბედნიერი და მოღიმარი ოჯახი ერთ პატარა ოთახში, ქალაქ ოზურგეთში.

სულ ექვსი ვართ.

დედაჩემი ავად არის. ხდება და ხდება. ღამით რომ ლოცულობს,  დარჩენილ გრამებს ფრთებს ასხამს და ღმერთთან უშვებს, ამბავი რომ მიუტანოს. მაგრამ მაინც იღიმის.

მამაჩემის სურათიც ავად არის. ყვრიმალებზე ეტყობა - ლეიკემია აქვს. მრუდეა მისი სისხლის სამართალი. მაგრამ მაინც იღიმის.

მამიდაჩემის სურათიც ავადაა. სურათში მკერდი არ ჩანს. სურათზე მოჭრილია და ისედაც მოჭრეს - რადგან სიმსივნე ჰქონდა. მაგრამ მაინც იღიმის.

ბებიაჩემის სურათიც ავად არის.  თვალებს შეამჩნევ, მთელ სხეულზე კრუნჩხვები უვლის. მაგრამ მაინც იღიმის.

ბაბუაჩემის სურათიც ავადაა. კისერი ტკივა. თოკი რომ ჩამოხსნეს, რითაც თავი ჩამოიხრჩო, იმ თოკის ბილიკი ოდნავ ეტყობა და კისერი ტკივა. მაგრამ მაინც იღიმის. 

მე ვზივარ კუთხეში და ვფიქრობ ჩემს სურათზე, რომელიც არ მაქვს, სადაც ვიღიმი.

და ვიღიმი.

#ახალისიმღერები 

ოჯახის სიმღერა

#გიორგიკეკელიძე“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა