ცნობილია, 2023 წელს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის რამდენი ლარი დაიხარჯება - მინისტრის სპეციალური განცხადება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უწყების გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2023 წელს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 22.5 მლნ ლარი.
მისი თქმით, გრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიები 2023 წლის განმავლობაში ვიზიტორებს მომზადებული დახვდეს.
„დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-სალაშქრო და ეკობილიკები, ვიზიტორთა ცენტრები, ასევე დაინერგება ეკოტურისტული სერვისები. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KfW) 16 მლნ ევროზე მეტი ოდენობით, რაც სრულად მოხმარდება, როგორც არსებული, ასევე ახალი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას.
15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც მოიცავს: 220 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის, 64 საფეხმავლო ხიდის და 7 სამთო თავშესაფრის მოწყობას.
აქტიურად მიმდინარეობს 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ბუნების ძეგლების ტერიტორიებზე. ასევე, არსებული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიის, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონი, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.
აღსანიშნია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებში, ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის, შეიქმნა პირველი მობილური აპლიკაცია“, - განაცხადა მინისტრმა.
2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით 53%-ით (902 010 ვიზიტორი) გაიზარდა. მინისტრის თქმით, ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა უმნიშვნელოვანესია.
„2022 წელს ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, შევქმენით ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 912 ათასზე მეტ ჰექტარს რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია“, - თქვა მინისტრმა.