„საქართველოს მთავრობა, კიდევ როდემდე აპირებთ რუსებთან სიამ-ტკბილობას?“ - დავით ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ქარელის რაიონში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების მცდელობას და წერს.
„ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისში,დაახლოებით საათნახევრის წინ რუსმა ოკუპანტებმა ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, გადმოვიდნენ სოფელ ჭვრინისში, სცადეს ჩვენი მოქალაქეების გატაცება.
როდესაც ჭვრინისელებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ სასტიკად სცემეს ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
საქართველოს მთავრობა კიდევ როდემდე აპირებთ რუსებთან სიამ-ტკბილობას?
პ.ს. როგორც დამატებით შეგვატყობინეს, ოკუპანტებისთვის ხელის შეშლას ხმაურზე გამოსული თანასოფლელები შეეცადნენ.
ოკუპანტები გაიქცნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილზე ქართული პოლიცია გამოჩნდა“, - წერს ქაცარავა.
ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.