ვფიქრობ, სწორი მიდგომაა, მშენებლობის ბიზნესის როგორც უძრავი ქონების სექტორის წარმოჩენა - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დაახლოებასა და ევროკოდების იმპლემენტაციაზე.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკისა და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინირება.
„მშენებლობის სექტორში გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია და ვფიქრობ, სწორი მიდგომაა, მშენებლობის ბიზნესის როგორც უძრავი ქონების სექტორის წარმოჩენა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ეხმარება დარგობრივ ასოციაციებს, რომ გამარტივდეს სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია და ამასთან, გავაცნოთ ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი შესაბამის ინვესტორებს“, - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ქვეყნისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა.
„ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას.