"2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით..." - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი გმირების დამსახურებაა.
"2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.
ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.
ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.
თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!“ - წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის "ფეისბუქგვერდზე" ვრცელდება.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.