თეგებით ძიება

აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-7.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.0 პროცენტი). ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (1.1 პროცენტი), ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.9 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ტანსაცმლის (2.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა