თეგებით ძიება

რამ გამოიწვია აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება? - ეროვნული ბანკის განმარტება

2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.

„აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2.2%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა. ამასთანავე იკლებს საწვავის ფასებიც.

ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, 4.1 პროცენტით და 6.2 პროცენტით გაიაფებამ, ჯამურად, თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. საპირისპიროდ, ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. ამავდროულად სურსათის ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პროცენტი შეადგინა.

ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აპრილში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პროცენტს შეადგენს.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 4.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა