ლარი მყარდება, რატომ არ იაფდება პროდუქტი? - ივა ჭყონია განმარტებას აკეთებს
კითხვაზე, ლარი მყარდება და რატომ არ იაფდება პროდუქტი? - პასუხს BMGTV-ის გადაცმა „წერტილში“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმი, ივა ჭყონია სცემს.
მისი თქმით, ინფლაციის ტემპის კლება მოსალოდნელი იყო, რაც მიმდინარე ომის გამო საქართველოში შემოსულმა ადამიანების ნაკადმა გამოიწვია.
ცნობისთვის, ინფლაციის ზრდის ტემპი მიზნობრივ 3%-ზე დაბლა დაეცა. 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.
„ეს მოლოდინი გვქონდა. არა მარტო 2020- 2022 წლები, არამედ 2020-2021 წელიც პანდემიიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე იყო და ინფლაციის მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოში მაღალი იყო. ომმა ჩვენს ქვეყანას დადებითი, რაც მოუტანა ადამიანების მაღალი ნაკადია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ. ჩვენთვის ეს რამდენად სასურველია მეორე საკითხია, მაგრამ ასეა. მათი ძირითადი ნაწილი მაინც მსყიდველობითუნარიანია და ეკონომიკური აქტივობა მაღალია. ეკონომიკურმა აქტივობამ ბოლო 7-8 თვის განმავლობაში ლარის სტაბილურობა გამოიწვია. რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება ნეგატიურადაც აისახოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტით არიან დაკავებული, ამიტომ ლარის ზედმეტად გამყარებაც დადებითაც არ აისახება“, - განაცხადა ჭყონიამ.
რაც შეეხება ინფლაციას და კითხვას, ლარის გამყარების ფონზე, რატომ არ მცირდება პროდუქტზე ფასები, - იგი ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სახელფასო ბიუჯეტის ზრდაა.
„ხშირია საუბრები, რომ საწვავი გაიაფდა და პროდუქტი რატომ არ იაფდება - ბენზინი გაიაფდა და დიზელი იმდენად უმნიშვნელოდ გაიაფდა ლოგისტიკას ფაქტობრივად არ დატყობია. სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც იმპორტით არიან დაკავებული და ადგილობრივი მწარმოებლებიც, რომლებსაც შესაფუთი მასალები თუ ინგრედიენტები შემოაქვთ ევროპული ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან, აქაც საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ლოგისტიკაზე გაძვირებული გადასახადები. მეორეს მხრივ ამას შეიძლება ლარი აბალანსებდეს, მაგრამ სახელფასო პოლიტიკის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, რომ იმდენად შემცირებულ ფასებს დღეს ვერ ვიღებთ, რამდენადაც ლარია გამყარებული.
ჩვენ წევრ კომპანიებშიც შიდა გამოკითხვა ჩავატარეთ და დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი სახელფასო ფონდი. სადაც ლარი დაგვეხმარა თანხები მეტი ამოსულიყო, რაც დარეზერვდა, ის პირდაპირ სახელფასო ფონდში წავიდა. მესმის, ბევრი კითხვის ნიშანია, რომ ლარი ყოველ დღე მყარდება და ფასები რატომ არ იაფდება, მაგრამ ის თანხები სახელფასო ბიუჯეტში, რომ არ წასულიყო დღეს ფაქტობრივად კადრების გარეშე დავრჩებოდით“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
წყარო: BM.GE